🎬 პრომო-ვიდეო ▶ პაატა პაპავა ლექციის შესახებ
არ არსებობს აბსოლუტურად შემდგარი გუნდი. მეტიც, საუკეთესო ჩანაფიქრების გარშემო შეჭიდულ გუნდთა დიდი უმრავლესობა, სამწუხაროდ, მალევე იშლება. პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებას კი, გუნდების მხოლოდ მცირედი ნაწილი თუ აღწევს.
მეორე მხრივ, არსებობს გუნდური სწრაფვა გამარჯვებისა და განვითარებისკენ. შესაბამისად, არსებობს ფაქტორები, რომელთა შორის, გუნდის კულტურას ერთ-ერთი საკვანძო ადგილი უკავია სტრატეგიული მიზნებისა და ეფექტურად განაწილებული როლების გვერდით.
კულტურა არის წესებისა და ღირებულებების კრებული, რომელიც მიზნობრივ კალაპოტში აქცევს ყველაზე მთავარს – ინდივიდუალურ ქმედებებს, გადაწყვეტილებებსა და კონფლიქტებს, ურთიერთობისა და თანამშრომლობის ფორმებს. საზიარო ნორმებისა და თანამშრომლობის წესების გარეშე კი, საქმის კოორდინაცია ვარსკვლავებით სავსე გუნდშიც შეუძლებელი ხდება.
რაც შეეხება კრიზისს, ის გარდაუვალია. ის ხელს უწყობს კულტურის ახალი ციკლის დაწყებას, გუნდის მედეგობის წრთობას, არეული მოლოდინების დახარისხებას, შინაგანი და გარეგანი ძალების დაბალანსებას. როგორ გადადის გუნდი შტორმის საფეხურიდან გაზრდილი პროდუქტიულობის ზონაში? რა როლი აქვს ამ პროცესში გუნდური კულტურის მახასიათებლებს? როგორ მოვეპყრათ კულტურას კრიზისამდე და კრიზისის შემდეგ? ეს აქტუალური და პრაქტიკული საკითხებია.